თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტროლის პალატამ გეგმური შემოწმება დაიწყო, რასაც ტელეარხის დირექტორ გიორგი ჭანტურიას ბირფინგი მოჰყვა, სადაც მან განაცხადა, რომ „მოულოდნელად მოვიდნენ ოფიცრები ტელევიზიაში და განაცხადეს, რომ უნდა ჩატარებულიყო გეგმური შემოწმება, მაშინ, როცა ეს შემოწმება 2013 წელს უწევს“.
ჭანტურიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოულოდნელი შემოწმება კონტროლის პალატის მიერ პრემიერ-მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანებით ხორციელდება და გეგმური შემოწმება არაფერ შუაშია.ჭანტურიას განაწყენებული ტონის პასუხად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეტყობინება გეგმური შემოწმების ჩატარების თაობაზე 6 ნოემბერს კანონის სრული დაცვით ჩაბარდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში 7 ნოემბერს კი არა, 6 ნოემბერს შევიდა, რაც მინისტრის თქმით, „გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ შესამოწმებელი ობიექტები საქართველოში შეირჩევა სპეციალური ელექტრონული პროგრამის საფუძველზე, რისკ-ფაქტორებზე დაყრდნობით, რაც შემდეგ აისახება შესამოწმებელ გეგმაში“.
მინისტრის განმარტებით, რისკ-ჯგუფში მოხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, შპს „ქეი ერთი“ და გადასახადების სხვა გადამხდელებიც, რომელთა შემოწმებაც უახლოეს დღეებში დაიწყება. ამასთან, ხადურმა აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრამდე საქართველოში საგადასახადო კოდექსი ყველასთვის არ მოქმედებდა და ეს ჭანტურიამ თავადაც აღიარა ბრიფინგზე, როცა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო სამსახური არასოდეს შესულა.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააგროვა 3.8 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება, რაც არის კანონდარღვევა. ეს გვაძლევს სრულ საფუძველს, განვახორციელოთ ჩვენი უფლება და შევამოწმოთ, რამ გამოიწვია ასეთი ოდენობის გადასახადის დამალვა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა და იქვე დასძინა, რომ „ოფიცრებს, რომლებიც იქ მუშაობენ, მიცემული აქვთ დავალება, ხელი არ შეუშალონ მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის მიერ პროტესტის ნიშნად ქუთაისის პარლამენტის დატოვება და თბილისში დაბრუნება, გარკვეულწილად, საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო სამსახურის შესვლამაც განაპირობა.