აქტუალური
საქართველოს სატრანსპორტო კავშირის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ მძღოლების სახელით ბოდიში მოუხადა ქალაქის მოსახლეობას მათი გადაადგილების შეფერხების გამო და განაცხადა, რომ ეს გამაფრთხილებელი აქციაა. მძღოლების განცხადებით კი, მათ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს.
თავის მხრივ, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებს: „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფინანსდება 45 მლნ ლარით თბილისის ბიუჯეტიდან. ხელფასების ზრდა წელს ფიზიკურად შეუძლებელია, ხოლო მომავალ წელს რაც შეეხება ხელფასების გადახედვას, ეს დამოკიდებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერზე“. ჯოხაძემ მოუწოდა ყველა მძღოლს, აღადგინონ მოძრაობა და არ შეუქმნან თბილისელებს გადაადგილების პრობლემა.
მძღოლების პროტესტს თბილისის მერიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნების 17 პუნქტიდან 15 დაკმაყოფილებულია, თუმცა ეს არ ეხება ხელფასების მომატებას. მერიის განცხადების მიუხედავად, პრობლემა ჯერ არ აღმოფხვრილა და დედაქალაქელები, ძირითადად, სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდებიან.