„რაც შეეხება სხვა დანაშაულებს, რომლებიც, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეს ბაჩო ახალაიას ჩადენილი, ეს არის 2006 წლის ბუნტი, როდესაც მან ჩაიდინა კაცის კვლა ან შეუკვეთა – ეს უნდა დამტკიცდეს, მაგრამ საზოგადოებას და მეც მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მაქვს ინფორმაცია მეორე საქმეზეც, რომელიც არის სერგო თეთრაძის საქმე. თქვენ იცით, რომ სამხედრო პოლიციამ ეს ავღანეთში მებრძოლი ადამიანი დააკავა შინ და რამდენიმე დღეში უკან მოუსვენეს გვამი ოჯახს. მას კითხავდნენ ბაჩო ახალია და მეგისი ქარდავა. როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილი წყარო ავრცელებს ინფორმაციას, სერგო თეთრაძე შემოაკვდათ ფიზიკური შეურაცხყოფის პირობებში. სერგო თეთრაძის მეუღლემ შემოიტანა ბაჩო ახალაიასა და სხვების წინააღმდეგ საჩივარი და ეს იქნება ახალი საქმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ“, – განმარტა იუსტიციის მინისტრმა.
მთავარი პროკურორის თქმით კი, მაღალჩინოსნების დაკავებას საფუძვლად დაედო მოწმეთა ჩვენებები, თუმცა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს და მოკლე ხანში ისინიც იქნება წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს ყოფილ მინისტრს, გაერთიანებული შტაბის უფროსსა და მეოთხე ბრიგადის მეთაურს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.