თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტი საზოგადოების ფართო ინტერესის სფეროში მოექცა. რამ აიძულა იგი, დაბრუნებულიყო საქართველოში, როცა შეეძლო, ნებისმიერი ქვეყნისთვის შეეფარებინა თავი?
„მე-9 არხის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩეჩნური დიასპორა ამტკიცებს, რომ ყოფილი მინისტრი ამ დრომდე ჩრდილოკავკასიური წესით გასამართლების ნომერ პირველ კანდიდატად რჩება. სწორედ ესაა საქართველოში ბაჩო ახალაიას მოულოდნელი დაბრუნების რეალური მიზეზი. თუ ახალაიას ბრალდებებში არ მოხვდება ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდი, სისხლის აღებისა და ჩეჩნების მხრიდან შურისძიების პირობა ძალაში დარჩება. როგორც აღმოჩნდა, ჩეჩნურ სიაში სხვა ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან.ჩეჩნეთის ექსმინისტრ ჯოხარ დუდაევის ძმიშვილის განცხადებით, „ბაჩო ახალაიას საზღვარგარეთ დარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა, რადგან ჩვენ ჩეჩნურ სისხლს არავის ვარჩენთ. ჩეჩნეთის დიდ ტრაგედიაში მისი ხელი ურევია. ურჩევნია, ქართულმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს, ვიდრე უცხო მხარეში გამოეთხოვოს სიცოცხლეს“. მისი მტკიცებით, სათვისტომოს ახალაიას წინააღმდეგ ლოპოტასთან დაკავშირებული ყველა სამხილი აქვს, შსს-მ „აქ მოამზადა და აქვე ჩახოცა. ახალაია სხვა სიკვდილს იმსახურებს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მუდმივად გვქონდა, გუშინაც ფიქრობდნენ მის ლიკვიდაციას“.
ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულთა ახლობლები მოითხოვენ, გამოძიება სწორედ ამ საქმით დაიწყოს.
საპარლამენტო უმცირესობა ჩეჩნური შურისძიების თემას ექსმინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. პალიკო კუბლაშვილის თქმით, „შეეცდებიან, ლაფანყურის თემა მიაბან, სხვა თემები მიაბან, მოიგონონ რაღაც...“ „მე-9 არხის“ მიმართ კი აცხადებს, რომ მათი მიზანი ბაჩო ახალაიას დემონიზაციის გაგრძელებაა.
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აღნიშნავს: „მადლობა თქვით, რომ ეს ახალგაზრდა ცოცხალი დაგიბრუნდათ და ცივილიზებულ, სამართლიან ციხეში იჯდება, დაცული იქნება მისი უფლებები“.