საზოგადოება
პარლამენტის სხდომა დაპირისპირებით დაიწყო

1-debatebi-sazogaaa3თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს პარლამენტის სესია მაღალჩინოსნების დაპატიმრების შესახებ დებატებით გაიხსნა. თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიასა და თავდაცვის ოფიცრების დაკავების ფაქტი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მწვავე დებატების ფონზე შეაფასეს.

უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის თქმით, ნატოს სამიტის წინ კანდიდატი სახელმწიფოს გენშტაბის უფროსის დაპატიმრება ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. „გუშინდელი მოვლენები ახალი ხელისუფლებისთვის პირველი სერიოზული ტესტია, რამდენად შეძლებს ის სამართლის, კანონისა და სამართლიანობის სივრცეში დარჩენას, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმატში არ გადავიდეს“, – განაცხადა მან.

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უარყოფს უმცირესობის წარმომადგენელთა ბრალდებებს, და ამბობს, რომ არ სურს, ახალი ხელისუფლება დაემსგავსოს ძველ ხელისუფლებას დაჭერების ფორმატით, როცა არ იყო  უდანაშაულობის პრეზუმფცია, მორალი და ზნეობა. „მე ვხედავ, რომ აქ ზოგიერთი რაც უფრო მეტად გაცხარდება, თავისი თავის პრევენციას აკეთებს, რომ ცოტა ხანში თვითონ მოისხას პოლიტიკური პატიმრის მანტია... ზოგიერთებს ნამდვილად ვერ უშველის ის იმუნიტეტი, რაც გააჩნია, რადგან კანონია პირველი და არა მანდატი, წესრიგი, ზრდილობა და ზნეობა არის ყველაზე მაღალი“, – განაცხადა მან.

დებატები ნახევარი საათის ნაცვლად ერთ საათს გაგრძელდა, სადაც ერთმანეთთან მწვავე პოლემიკაში ჩაებნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები: მანანა კობახიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, პავლე კუბლაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით საყვარელიძე, კობა დავითაშვილი და სხვ.

დღეს პირველი დემარშიც განხორციელდა. უმრავლესობამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა ჩააგდო. კენჭისყრის შემდეგ პროტესტის ნიშნად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომათა დარბაზი დატოვა.