რედაქტორისგან
კახა კუკავა: „ჩვენ გვეუბნებიან, თითქოს საქართველოს მომავალი არის ამერიკასთან ურთიერთობაში. ეს არის დიდი ტყუილი!“

1-analitNEW-kukსაქინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.

– ბატონო კახა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად შეფასდა და ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორმა მოახდინა ზეგავლენა ქვეყანაში ასეთ ცვლილებაზე?

– ამ ისტორიის მთელი შემადგენელი ელემენტები, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, ყველაფერზე მსჯელობა, ალბათ, ნაადრევია. თუმცა რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი გამოიკვეთა, რაზეც დღეს შეიძლება ვისაუბროთ. ერთი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვერ მიიღო უპირობო მხარდაჭერა. როგორც ჩანს, ის წინასწარ გააფრთხილეს, რომ ძალა არ გამოეყენებინა. ამის კარგი მაგალითი ხაშურის მოვლენებია, როდესაც საარჩევნო უბანზე შეყვანილ იქნა სპეცრაზმი, რომელიც მალევე უკან გამოიყვანეს. მათ უბნების დარბევაზე საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მეორე და უმთავრესი გარემოებაა ზიზღი, რომელიც სააკაშვილმა ქართველ ხალხში დათესა.

საქართველოს ისტორიაში ქართველ საზოგადოებას არცერთი ხელისუფლების მიმართ მსგავსი ანტაგონიზმი არ ჰქონია. საპარლამენტო არჩევნებზე ის ხალხი, ვინც წლების განვალობაში საკუთარი მშობლების საფლავზე არ ყოფილან, 1 ოქტომბერს ჩავიდნენ რაიონებში და მისცეს ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ. ამას წინ უძღოდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველანაირი ნდობის კრედიტი ამოწურა. ვფიქრობ, ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ სააკაშვილმა ვეღარ მართა პროცესები.

– როგორ შეაფასებთ ახალ მინისტრთა კაბინეტს?

– მთლიანობაში მთავრობის შემადგენლობა ნორმალურია. ყველაფერი შედარებითია. წინა მინისტრთა კაბინეტს ახალი ბევრად სჯობს, რადგან ახალ მთავრობაში არ არიან კორუფციაში, მკვლელობასა და სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირები. როგორც იქნა, მთავრობაში აღარ გვყავს მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებიც. თუმცა, მიუხედავად ახალი მთავრობის კარგი შემადგენლობისა, მათ  საქმიანობით უნდა დაამტკიცონ ეფექტიანობა, მით უფრო, როცა საზოგადოების მხრიდან კონკრეტული მოლოდინები არსებობს.

– თქვენ რას ელით ახალი მთავრობის მხრიდან?

– ჩემი მოლოდინი მოკლევადიანია. უახლოეს დღეებში – არა (როგორც ამას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს), მაგრამ, ალბათ, გაზაფხულის ბოლოს საზოგადოებას დასჭირდება კონკრეტული შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ  აპრილსა და მაისში საქართველო განვითარების ტემპებით შვეიცარიას გაუსწრებს, მაგრამ კონკრეტულ სამინისტროებში მთავრობის საქმიანობის პირველი შედეგები სახეზე უნდა იყოს –  პენსიონერს უნდა ჰქონდეს მეტი პენსია, პაციენტს – დაზღვევა, გლეხს – მიწის სახნავ-სათესი საშუალებები, იუსტიციის სისტემაში ხალხს არ უნდა ჰქონდეს უსამართლობის განცდა და გამოძიებულ იქნეს წლების განმავლობაში ბურუსით მოცული საქმეები. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთჯერადი.

გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი პროექტები აქვს, უნდა იყოს მოკლევადიანი (მაგალითად, 6-თვიანი) გეგმებიც. მიხეილ სააკაშვილი ხშირად სვამდა კითხვას – არის თუ არა საქართველო იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო 8 წლის წინ?  ამ თემის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, ყოველ ექვს თვეში უნდა ვიკითხოთ – არის თუ არა საქართველო იმაზე უკეთესი, ვიდრე ექვსი თვის წინ იყო.

– რამდენად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო უმრავლესობისთვის ჯანსაღი ოპონირების რესურსი?

– დღევანდელი უმცირესობის ოპონირება ძალიან დესტრუქციული და ფორმალურია. მას ლეგიტიმაციის ხარისხი დაკარგული აქვს და ხანდახან კომიკურ ხასიათს იღებს. მაგალითად, როცა მთავრობის დამტკიცების მეორე დღეს გიორგი ღვინიაშვილი გამოვიდა  და იკითხა, თუ რატომ არ გადაეცათ გლეხებს სახნავ-სათესი საშუალებები, ეს კომიკურია. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ აქვს არსებობის თეორიული შანსი, პრაქტიკულად, ეს რებრენდინგის გარეშე შეუძლებელია. მათ შესაძლოა, შეინარჩუნონ 15%-იანი რეიტინგი და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ 20 ან 30%-ც კი, მაგრამ სანამ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და მსგავსი სახეები იქნებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, საქართველოში ყოველთვის იქნება ის 70%, რომელიც მათ წინააღმდეგ მისცემს ხმას. ანუ, შესაბამისად, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, იქნება წყლის ნაყვა. აუცილებელია ამ ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლება.

თუ ეს ახალგაზრდა ნაციონალებს კარგად ესმით, თვითონ უნდა გამოვიდნენ სააკაშვილის გასამართლების ინიციატივით, რომ ეს დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა მოიხსნან.

– თუ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ხელახალი გამოძიება სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე, როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს დასაპატიმრებელ ადამიანთა სიაში?

– მომისმენია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას განცხადებები იმის შესახებ, რომ ნაციონალებშიც არიან ღირსეული ადამიანები, რაც არასწორად მიმაჩნია. შესაძლოა, მაგალითად, სოფელ ოფშკვითის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად იყვნენ ასეთი პირები, მაგრამ ის სახეები, ვისაც მე და თქვენ ვიცნობთ (ზოგადად, ცნობადი სახეები), ყველანი კრიმინალები არიან.

– იქნებ, მაინც, დააკონკრეტოთ...

– მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერად არჩეულ იქნა გიორგი ბარამიძე, რომელმაც კარგად იცის ინგლისური, კარგად საუბრობს ევროინტეგრაციაზე და სხვა საკითხებზე, მაგრამ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მკვლელი, რომელსაც უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. ის, რომ ბარამიძეს კარგი პიჯაკი აცვია და ცდილობს, საზოგადოებაში ფასადური იმიჯი შეიქმნას,  ვერ უშველის. ეს მოხდენილპიჯაკიანი და კარგჰალსტუხიანი ბანდიტები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში – სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და ა. შ. – ყველა უნდა გასამართლდეს.

ჩვენი პარტია „თავისუფალი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, როგორც თავის დროზე „მხედრიონის“ ლიდერებმა მოიხადეს გრძელვადიანი სასჯელი, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისათვის, რასაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდნენ.

– საგარეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშრებით მინდა, გკითხოთ. ბოლო პერიოდში გაკეთდა განცხადებები ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსეთისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე. იყო გამოხმაურებებიც რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელი პირების მხრიდანაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ახალი მთავრობა, გააგრძელოს ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები და, ამავე დროს, აღადგინოს რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება, როგორც ამას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს  ჰპირდებოდა?

– ყველაფრის გაკეთება შეიძლება უკეთ, ვიდრე ამას სააკაშვილი ახერხებდა. ანუ რუსეთთან კონფრონტაციის დონე იქნება უფრო დაბალი, ვიდრე სააკაშვილის დროს, თუმცა, საკითხის არსებითი გადაწყვეტა მდგომარეობს სხვა რამეში.  ჩვენ გვეუბნებიან, თითქოს საქართველოს მომავალი არის ამერიკასთან ურთიერთობაში. ეს არის დიდი ტყუილი. საქართველოს განვითარების ვექტორი – როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, არის რუსეთი და არა ამერიკა.

შესაძლოა, ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობები მოაგვაროს იმ კუთხით, რომ ომი, კონფრონტაცია და სახელმწიფოთა მეთაურებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებები არ იყოს,  მაგრამ, მთავარი პრობლემა ეს ხომ არ არის?! მთავარი პრობლემა არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, რუსეთის ბაზრის გახსნა, ინვესტიციების მოზიდვა,  უვიზო მიმოსვლის აღდგენა, კულტურული ურთიერთობების განახლება და ა.შ. ეს არის უმთავრესი პრობლემები, რომელთა გარეშეც საქართველოს მომავალი არ აქვს. ეს ყველაფერი ვექტორის შეცვლის გარეშე არ გამოვა.

– კონკრეტულად, რა ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ ამ პრობლემების გადასაჭრელად?

– პირველი ნაბიჯია ნატოზე უარის თქმა. ნატო საქართველოსთვის არის არა უსაფრთხოება, არამედ საფრთხე. ახალ ხელისუფლებას უნდა, ვექტორის სეუცვლელად რუსეთისკენ მეტი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართოს. თეორიულად ეს შესაძლებელია, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შედეგი იქნება არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ან ეკონომიკური განვითარება, არამედ ის, რომ ომი აღარ გვექნება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ძირითადი პრობლემები კი მოუგვარებელი დარჩება.

– როგორია პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ სამომავლო გეგმები?

– ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით 1 ოქტომბრამდე. გვაქვს ჩვენი კურსი, ფასეულობები, ხედვები და ვაპირებთ ამ ყველაფრის პოპულარიზაციას. გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ და  საზოგადოების აზრის ფორმირების პროცესში ბევრი მოკავშირე შევიძინეთ. უბრალოდ, ფორსმაჟორულმა ვითარებამ, დრომ და მატერიალურმა რესურსებმა ამ ეტაპზე არ მოგვცა უფრო მეტი ხმების მიღების საშუალება.

– როგორ გეგმავთ ურთიერთობას ახალ ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“?

– საპარლამენტო უმცირესობასთან თანამშრომლობას სპეციფიკური სტატუსით ვაპირებთ –  ჩვენ გვექნება დაზარალებულის ან ბრალმდებლის სტატუსი, მათ კი – ბრალდებულის, და იმედი მაქვს, სასამართლოში შევხვდებით თითოეულ მათგანს.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენ თანამშრომლობის სურვილი გვაქვს (არა – სატელიტობის), თუმცა, ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხმაურება თანამშრომლობაზე არ მიგვიღია.

ესაუბრა ნატა წერეთელი

საქინფორმი