თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს 5 წელი შესრულდა 2007 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რის შედეგადაც 500-მდე კაცი დაშავდა.
მოგვიანებით საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს „დაშვებული შეცდომები“, თუმცა ხსენებული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება არ მომხდარა. ასევე, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებული პირები.2007 წლის ნოემბერი პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვების დარბევით დაიწყო. მოშიმშილე ოპოზიციის ლიდერების ჯგუფი პოლიციამ დილის 8 საათისთვის დაშალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თბილისის კარვების ქალაქად გადაქცევას.
დილის 10 საათისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა და დემონსტრანტებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დაპირისპირებას რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. ელბაქიძის დაღმართსა და „ვარდების მოედანზე“ სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ.
12:30 საათზე საპატრულო პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების დაშლა ხელკეტებით, წყლის ჭავლით, მხუთავი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაიწყო, რის შედეგადაც აქციის მონაწილეთა გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებნიც მოიწამლნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებს ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.
მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე დარბეული მომიტინგეები და დედაქალაქელები რიყეზე შეიკრიბნენ, სადაც მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ლიდერებმა.
ამავე დროს, შსს-მ ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის, შალვა ნათელაშვილის, ლევან ბერძენიშვილის, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების, გოგა ხაინდრავას სატელეფონო საუბრებისა და მათი შეხვედრის ჩანაწერები გაავრცელა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები რფ-ის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდნენ.
17:40 საათზე სპეცრაზმმა რიყეზე აქციის დასარბევად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დღის ბოლოს გავრცელდა ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, სადაც მან მომხდარი „ბოლშევიკურ პუტჩს“ შეადარა. „სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს, 7 ნოემბერს, ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლისთავზე, საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალ-ღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგა ნ გასათავისუფლებლად. საქართველოს გაუმარჯოს!“ – ეწერა განცხადებაში.
პატარკაციშვილის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელისუფლების დამხობის მოწოდებად აღიქვეს და 20:55 საათზე სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შევიდა და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა... ცრემლსადენი გაზი ტელეკომპანიის ტერიტორიაზეც გაუშვეს, პოლიციის თანამშრომლები კი რეზინის ტყვიებით გაუმასპინძლდნენ „ტელეიმედთან“ შეკრებილ ხალხს.
7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ თბილისში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.