საზოგადოება
თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედის“ დარბევიდან 5 წლის შემდეგ, დღეს, 22.00 საათზე, მოეწყობა თოქშოუ, სადაც ტელეკომპანიის ყოფილი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მედიაექსპერტები და პოლიტიკური მიმომხილველები გაიხსენებენ მოვლენებს, რომლის მონაწილენიც ისინი იყვნენ, იმსჯელებენ 7 ნოემბრის შედეგებზე და ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ მოვლენების თავიდან აცილება. გადაცემა შეეცდება, გაარკვიოს, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს და როგორ აისახა ეს დღე მომდევნო ხუთ წელიწადზე.
„ღია ეთერის“ წამყვანები იქნებიან „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტები: ეკა ხოფერია, თეა სიჭინავა და დიანა ტრაპაიძე.დღეიდან ტელეკომპანია ვიზუალურ გაფორმებასა და ფერთა პალიტრას უბრუნდება, დაბრუნდა „იმედის“ პირველი ლოგო.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ტელეარხი „იმედი“ 2007 წლის ნოემბრის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს 7 ნოემბერს პოლიციამ დაარბია. მოგვიანებით კომპანია გაურკვეველ ვითარებაში მიეყიდა კერძო ინვესტორებს. მისი მფლობელების სტრუქტურა კარგა ხანს ბუნდოვანი რჩებოდა. სულ ცოტა ხნის წინათ ტელეკომპანია „იმედი“ გიორგი არველაძემ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნა.