საზოგადოება
თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც სასტუმრო „მარიოტში“ ამერიკელი დიპლომატების მიღებაზე იმყოფებოდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძის დაკავებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.
ალასანია შეიარაღებული ძალების სარდლობას გამთენიისას შეხვდა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „მოხდა სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენი გაერთიანებული შტაბის უფროსს ბრალი წაუყენეს. ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ თავის სიტყვას იტყვის გამოძიება. ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე ბრალი არ დამტკიცდება სასამართლოზე. ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია.