თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. „მიმდინარეობს გამოძიება სს საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით“, – განაცხადა დღეს დილით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
„ამ ეტაპისათვის გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან, ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ფიზკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა ეზოში, ბრიგადის 20-30-კაციანი შემადგენლობის წინაშე.
„გუშინ და დღეს დილით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე სწორედ სს კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. მათ ჯერ ბრალი არ წარდგენიათ და ბრალი წარედგინებათ კანონით გათვალისწინებულ ვადაში“, – განმარტა კბილაშვილმა და დასძინა, რომ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხილებენ აღნიშნულ პირებს, გასაჯაროვდება და უახლოეს საათებში ისინი განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.
„სხვა ფაქტობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და მისი შედეგების შესახებ საზოაგადოებას დროულად ეცნობება“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.