როგორც წულუკიანმა განმარტა, დაკავებულის ამ უფლებების განხორციელება მოხდა ადგილზევე, იგი არ დაუკითხავთ, განხორციელდა მხოლოდ პირადი ჩხრეკა და მას მიეცა ორჯერ წინადადება, გამოეძახა დამსწრეები ჩხრეკის დროს, რაზეც კალანდაძემ უარი განაცხადა.
„მას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა რამდენიმე ზარი. ის დაუკავშირდა თავის ახლობელს, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. ამცნო დაკავების ფაქტის შესახებ და როგორც ეს ეგების, თავისი ოჯახი ჩააბარა ერთგულ პირს. შემდეგი ზარებიც მან განახორციელა იმავე წესით, შეუზღუდავად. დაკავება მოხდა ნორმალურ, მშვიდ გარემოში და იგეგმებოდა მისი ორივე ბინის ჩხრეკა. თუმცა, მთავარ პროკურორთან ერთობლივი შეთანხმებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მომხდარიყო მისი საცხოვრისის ჩხრეკა, სადაც იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი და ეს ჩხრეკა გადაიდო გათენებამდე, რათა ოჯახს არ განეცადა ის დიდი სტრესი, რაც შეიძლება იყოს ღამით ჩხრეკის ჩატარება“, – განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, დაკავებისას გიორგი კალანდაძე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ხოლო „გარეგნული, ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე არავითარი დაზიანება დაკავების დროს არ აღენიშნებოდა, მისი ყველა უფლება დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას იყო დაცული“.
წულუკიანის განცხადებით, გაერთიანებული შტაბის უფროსი, შესაბამისი ოქმის გაფორმების შედეგად, შს სამინისტროს დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. „მისი დაცვის უფლება დაკითხვისას და შემდგომი საპროცესო საგამოძიებო ქმედებებისასაც, რა თქმა უნდა, იქნება დაცული“, – აღნიშნა მინისტრმა.