აქტუალური
ფოთის პორტის მუშები გაფიცვას აგრძელებენ

1-gaficva-sqtuaaa3თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ მოლაპარაკებები დაიწყო ფოთის პორტის ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის. პირველი შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, რეალური შედეგი ვერ გამოიღო.

ამჟამად პორტის თანამშრომლები საკუთარ მოთხოვნებზე ხელმძღვანელობისგან წერილობით პასუხს  ელიან. თუმცა, ნავსადგურის ადმინისტრაცია გაფიცულებს ამ ეტაპზე კონკრეტულს ჯერჯერობით ვერაფერს სთავაზობს. მოსამსახურეები უწინდებურად ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

„საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, განსაკუთრებულ პრობლემად რჩება ხელფასების საკითხი, თუმცა, „APM TERMINAL“-ის (პორტის მფლობელი კომპანია, – საქინფორმი) მენეჯმენტმა პირობა მოგვცა, რომ ხელფასების თემაზე მუშაობას შეუდგებოდა და არ ვიცით, რა დათმობებზე შიძლება წავიდნენ და რა ხელფასებზე შეიძლება იყოს საუბარი. რაც შეეხება სანიტარიულ და საყოფაცხოვრებო საკითხებს, თითქმის ყველაფერზე შეთანხმება მიღწეულია და დღეს მენეჯმენტი წერილობით, იურიდიულად მიაწვდის ნავსადგურის პროფკავშირების წარმომადგენლებს“, – განაცხადა საზღვაო ტრასნპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ, რომელიც მუშებსა და კომპანიას შორის ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტის თანამშრომლებმა საყოველთაო უვადო გაფიცვა 1-ელ ნოემბერს გამოცხადეს და მათი 70% უკვე მეხუთე დღეა, გაფიცულია.