პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭო 2013 წლის ბიუჯეტს განიხილავს

1-aWara-politiii3თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აჭარის უმაღლესი საბჭო 2013 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 127 მლნ 50 ათასი ლარით  განისაზღვრა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილის აზრით, ბიუჯეტის პროექტი აჭარის ახალ მთავრობას დასამუშავებლად უკან დაუბრუნდება. უმრავლესობას მიაჩნია, რომ პროექტში სრულად უნდა აისახოს ის დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა.

უმცირესობის აზრით კი, ბიუჯეტი სრულყოფილი საფინანსო დოკუმენტია. პეტრე ზამბახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის “ წევრი,  აცხადებს, რომ 127 მლნ ლარით წარმოდგენილი ბიუჯეტი საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ განხორციელდეს ყველა ის პროექტი, რაც იყო ჩადებული წინა წლის ბიუჯეტში და პრიორიტეტები განისაზღვროს სწორად. „ამისთვის უმცირესობა მზად არის და, ალბათ, უმრავლესობაც მზად იქნება. განხილვის პროცესი მიმდინარეობს და არსებითად არაფერი შეიცვლება, რადგან ვფიქრობ, პრიორიტეტები, რაც იყო განსაზღვრული, იგივე დარჩება“, – განაცხადა ზამბახიძემ.

ბიუჯეტის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც. მისი განცხადებით, მართალია, პრიორიტეტული აგრარული სექტორი იქნება, თუმცა ტურიზმი კვლავაც ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად დარჩება. „2013 წელი იქნება ჩვენი პრიორიტეტების და ჩვენი დაპირებების პირველი წელი და აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ხაბაძემ.