აქტუალური
თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14.160.000 ლარიდან 9.230.000 ლარამდე შემცირდა. ამასთან, შარშანდელის მსგავსად, საჯარო სამსახურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე 600.000 ლარია გათვალისწინებული.
როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათში წერია, შემცირდა საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდი და გადაიხედა უწყებათა ბიუჯეტები.ბიუჯეტის პროექტით, ასევე, 10 მლნ ლარამდე შემცირდა პრეზიდენტის 50-მილიონიანი სარეზერვო ფონდი, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი – 50 მლნ ლარი, უცვლელი დარჩა.
ამავე პროექტით, საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატისთვის 28.784.000 ლარის ნაცვლად 1.800.000 ლარი გამოიყოფა. პროექტში არაფერია ნათქვამი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ღონისძიებებზე, რისთვისაც 2012 წლის ბიუჯეტში 23.000.000 ლარი იყო გათვალისწინებული.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც პარლამენტში 5 ნოემბერს შევიდა, საკანონმდებლო ორგანო ამ კვირაში განიხილავს.