სამართალი
ნიგვზიანში მეჩეთის მშენებლობა არ იგეგმება

1-nigvzian-samarTali1თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეიკრიბა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს დაფიქსირებული ინციდენტის შესახებ და განიხილეს პრობლემის მოგვარების გზები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ლოცვის უფლება კანონით, კონსტიტუციით, ევროკონვენციით დაცულია. სოფლის მოსახლეობაც საუბრობდა, რომ ლოცვას არავის დაუშლიან და ვერც დაუშლიან: „იყო არასწორი ინფორმაცია მოწოდებული, რომ იქ მეჩეთი შენდებოდა და ითქვა, რომ მეჩეთის მშენებლობა არ იგეგმება, ეს არის სამლოცველო და სამლოცველოში ადამიანებს აქვთ უფლება, ილოცონ“.

პარლამენტარ მურმან დუმბაძის ვარაუდით, ნიგვზიანის შემთხვევა პროვოცირებული იყო, მაგრამ ეს აღკვეთილია, რადგან ორივე მხარემ გაიაზრა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. მისი თქმით, საქართველოში ეს პრობლემა არ დგას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს სამუსლიმანოს სამმართველოს მუფტმა ჯემალ პაქსაძემ აღნიშნა, „საქართველოს ნებისმიერ კუთხეში  მუსლიმი ქართველები ყოველთვის ცხოვრობდნენ სხვა აღმსარებლებთან ერთად ჭირსა თუ ლხინში. ამ ეტაპისთვის არც იგეგმებოდა და არც ვგეგმავთ, და თუ მეჩეთის აშენება საჭირო გახდება, მივმართავთ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურებს“.

ამასთან, „ტოლერანტობის სახლისა“ და „უფლებათა სკოლის“  წარმომადგენლებმა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების დასჯა და ფაქტის გამოძიება იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ მოითხივეს.

სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ახალგაზრდებმა პლაკატები მიიტანეს წარწერით: „დაიცავით აღმსარებლობის თავისუფლება – გიყვარდეს მოყვასი შენი!“.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო.

„არ ვახდენთ ძალის დემონსტრაციას, მანამ, სანამ ამოწურული არ არის ყველა ცივილური გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალის დემონსტრირება არ დაგვჭირდება“, – განუცხადა წულუკიანმა ახალგაზრდებს.

მისი თქმით, სამინისტრომ საქმის კურსში ჩააყენა ორივე რელიგიის წარმომადგენლები და შეეცადა, პრობლემა მშვიდობიანად მოეგვარებინათ.