სამართალი
თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ბაჩო ახალაიას მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებენ. ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც მას უკავშირდება, გამოძიება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნების ცნობის კომენტირებისას უმრავლესობის წევრებმა რწმენა გამოთქვეს, რომ შს ყოფილ მინისტრს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის, საპარლამენტო საგამოძიებო ფორმატში. ახალაიას საქმიანობის სხვადასხვა პერიოდით დაინტერესდებიან სამართალდაცავებიც და ახალაიას მათ შეკითხვებზეც მოუწევს პასუხების გაცემა. უმრავლესობის წევრთა თქმით, თუ ბაჩო ახალაიას მიმართ ბრალდებები გამოიკვეთება, ისინი ობიექტური და დასაბუთებული უნდა იყოს.„პროკურატურის მოვალეობაა, მედიაში გავრცელებული და, ზოგადად, საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს“, – განმარტა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ახალაია რომ დამნაშავეა, ეს საზოგადოებრივი აზრია, ხოლო პროკურატურა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. „ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაბარება დიდი ალბათობით მოსალოდნელი იქნება“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაბრუნებული შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, განცხადებით, იგი მზადაა, საგამოძიებო ორგანოების ყველა კითხვას უპასუხოს.