საზოგადოება
ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი განცხადება

1-social-sazogadoeeee2თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. „თბილისელებისათვის სამი მნიშვნელოვანი პროგრამის – ტრანსპორტის, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის – შეჩერებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, უშუალოდ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და დედაქალაქის მერიას ეკისრება“, – ნათქვამია ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

სამინისტროების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური გახდა თბილისის მერიის სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები და  აღნიშნულ პროგრამებში მონაწილე 600 000-მდე თბილისელის ბედი, რის გამოც ისინი კიდევ ერთხელ აკეთებენ განმარტებას.

„20 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საკრებულომ დაჩქარებული წესით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამოიღო აღნიშნული  პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. თბილისის მერიამ სადაზღვევო კომპანიებს ოფიციალური წერილით მიმართა სადაზღვევო ხელშეკრულებების ნაადრევად შეწყვეტის თაობაზე და მიზეზად თანხების უქონლობა დაასახელა.  ეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წლის განმავლობაში ტრანსფერის სახით გამოყოფილი 450 მილიონი ლარიდან დედაქალაქს ცხრა თვის მანძილზე ათვისებული ჰქონდა 75%“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპარლამენტო არჩევნებიდან  19 დღის შემდეგ, ჯერ კიდევ ხელისუფლების გადაბარების პროცესში, და  აღნიშნული საკითხები არცერთ შეხვედრაზე, მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე არ დასმულა.

„ჩვენი  პოზიცია უცვლელია, რომ აღდგეს თბილისის ბიუჯეტი ძველი პარამეტრებით და დაუბრუნდეს 18 ოქტომბრისათვის არსებულ სტატუსკვოს, თბილისის მერიამ შეასრულოს ის  ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.