აქტუალური
„თბილისის მერიის მთავარ მიზნად რჩება, რომ თბილისელებისთვის გაგრძელდეს იმ სოციალური დახმარებების გაცემა, რომელიც 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის 440-ე დადგენილების მიღების შემდეგ შეწყდა. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით, თბილისის მერი გიგი უგულავა გეგმავს, საქართველოს მთავრობას ოფიციალურად მიმართოს და განსახილველად წარუდგინოს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამების განხორცილება სრულად აღდგება“, – ნათქვამია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: საქართველოს ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის №432 დადგენილება „ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების შესახებ“) განკარგულებით, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს სამედიცინო დაზღვევის, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა, რომელიც საქართველოს ახალმა მთავრობამ 31 ოქტომბრის დადგენილება №440-ით გააუქმა და სთხოვა თბილისის მერიას, გაეგრძელებინა №432 დადგენილებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.