პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ რამდენიმე ათეული პატიმარი ერთმანეთზეა გადაკერილი, 31 პატიმარს პირი აქვს ამოკერილი, შიმშილობენ 18 წლის ახალგაზრდები. პატიმრების მშობლებმა და ახლობლებმა სოზარ სუბარის სახელზე მიმართვა შეიმუშავეს, სადაც სთხოვენ, ადგილზე გაეცნოს პატიმართა მიერ წამოყენებულ ყველა მოთხოვნას.
ქსნის მე-15 დაწესებულებიდან დღეს გათავისუფლებული რამდენიმე პატიმარი არ ადასტურებს შიგნით არსებულ გამწვავებულ მდგომარეობას. საზოგადოებრივი მინიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი ჟურნალისტი ამ ეტაპზე საპატიმროს ტერიტორიაზე იმყოფება.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ კანონგარეშე ქმედებები დაუშვებელია არა მხოლოდ ციხის თანამშრომლების, არამედ პატიმრებისა და მათი ახლობლების მხრიდანაც. ამიტომ დარღვევებისთვის ნებისმიერი მათგანი მკაცრად დაისჯება. დაიწყება საპყრობილეების პერიმეტრის გაკონტროლებაც, სადაც აქციების გამართვა კანონით აკრძალულია.
„სადაც იყო ყველაზე მკაცრი რეჟიმი, ახლა იქ დაიწყო ზეწოლა ყოფილმა ხელისუფლებამ. გარკვეულ ბერკეტებს, არეულობებს იყენებენ. შიგნით არაფერი არ ხდება, გარეთ იყო ვითარების შეგნებული დაძაბვა. პირველ დღეებში ჩვენ არ გავაკეთეთ მკაცრი რეაქციები, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება კანონის ყველა ზომა“, – აღნიშნა მან.