აქტუალური
პაატა დავითაია: „არის თუ არა პასპორტის აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი“

1-daviTaia-aqtuaaa1თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. მოქალაქეთა  პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგით გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს ოსეთთან  და აფხაზეთთან სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. მისი თქმით, საშინელებაა ის, რომ ცალმხრივად განიხილება საქართველოს მხრიდან აფხაზური და ოსური პასორტების აღიარების საქმე, რასაც ის ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარებად მიიჩნევს.

„აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარება – ეს არის ტოლფასი დამოუკიდებლობის აღიარების, რადგან პასპორტი არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის“, – განაცხადა მან.

როგორც დავითაია აღნიშნავს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა იმ ქვეყანასთან, რომელიც არ ცნობს ქართულ სახელმწიფოებრიობას, იმ ადამიანებთან, რომლებმაც ოკუპაცია გაუკეთეს სახელმწიფო ტერიტორიებს და პარლამენტს მიმართავს, განიხილოს ეს საკითხი.

„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, უმრავლესობას, უმცირესობას, გახდეს ეს მსჯელობის საკითხი – არის თუ არა პასპორტის აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანება აპირებს მიმართოს საერთაშორიო ორგანიზაციებს, ამერიკის საელჩოს, რადგან სახელმეწიფო დეპარტმენტის მხრიდან აღირებულ იქნა ნეიტრალური პასპორტები და აფხაზური და ოსური პასორტების აღიარება ნიშნავს ნეიტრალური პასპორტების გაუქმებას.