სამართალი
სუბარი: „ყველა მსჯავრდებული, ვინც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება“

1-subari-samarTaaaa2თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. „ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ციხეებში შექმნილი ვითარების შესახებ.

მინისტრის შეფასებით, ყოფილ ხელისუფლებას არეულობების გარკვეული ბერკეტები აქვს ხელთ და სწორედ ამას იყენებს. „როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა, გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა“, – აღნიშნა სუბარმა.

მისივე განმარტებით, სამინისტროს ხელმძღვანელობა რამდენიმე თვის განმავლობაში არ აპირებდა მკაცრი რეაგირების მოხდენას, თუმცა დღეიდან მსჯავრდებულებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარე პერიმეტრზე მყოფი ადამიანების მიმართ გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. „დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის №1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე 6 მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს... რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, სუბარმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ კანონის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება და დასძინა, რომ ყველას მიმართ, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, გატარდება ადმინისტრაციული ღონისძიება შს სამინისტროს მიერ.