სამართალი
„სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის არსებული სახით დამტკიცება დაუშვებელია“

1-afba-samarTaaa1თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) საქინფორმს ატყობინებს, ასოციაციამ ბიუჯეტის პროექტის განხილვა-შეფასებაში მონაწილეობა მიიღო და შესაბამისი დასკვნაც გამოაქვეყნა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი გაუმჭვირვალე, არაპროგრამული, ადმინისტრაციული ხარჯებით გაბერილი, ინფლაციური და  დეფიციტურია. რატომ არის ბიუჯეტის პროექტის იმ სახით განხილვა და დამტკიცება, რომელიც წინა მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა, დაუშვებელი?

 

გთავაზობთ ორგანიზაციის წინასწარ დასკვნას ბიუჯეტის იმ პროექტის მიმართ, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად გაუგზავნა. „უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ კრიტიკა ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი დღეს არსებობს, დაუშვებელია. ახალგაზრდა ფინანსისტებს მიგვაჩნია, რომ პროექტში არსებობს ბევრი ისეთი მიმართულება, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში გამჭვირვალე, პროგრამული ბიუჯეტის ცნებასთან და გაცხადებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი თვალსაზრისით გაცილებით გაუარესებულია, ვიდრე 2012 წლის ბიუჯეტის კანონი.

უკვე მერამდენე წელია, მთავრობის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები ბიუჯეტის პროგრამულობაზე და მის გამჭვირვალობაზე. თუმცა, ტენდენცია დღემდე აბსოლუტურად საპიროსპიროა და ხსენებული მიმართულებებით ბიუჯეტი აშკარა გაუარესებას განიცდის. განსაკუთრებით ეს ეხება 2012 წლის საბიუჯეტო კანონს.  კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შეტანისთანავე უკვე მაშინდელი სახელისუფლებო წრეები და მმართველი პარტიის წევრები აქტიურად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველო უპრეცედენტო პროგრამაზე გადადიოდა და ისტორიაში პირველად, ქვეყნის ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმარება მოხდებოდა. თუმცა, რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა და ბიუჯეტის ეს კანონი ექსპერტების მხრიდან შეფასდა როგორც ერთ-ერთი არატრანსფარანტული და არაპროგრამული პროექტი.

გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც უფრო გაუმჭვირვალე, ნაკლებად პროგრამული და ადმინისტრაციული ხარჯებით უფრო „დამძიმებული“, შესაბამისად ჩვენ, ახალგაზრდა ფინანსისტები, მივიჩნევთ, რომ მისი დღეს არსებული ფორმით დამტკიცება დაუშვებელია.

ახლა რაც შეეხება 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს. მთავრობის მიერ შედგენილი მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობა 7 მლრდ 234 მლნ ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 2,5%-ით აღემატება. შემოსავლების 93% საგადასახადო შემოსავლებზე მოდის და მისი მოცულობა 6,73 მილიარდი ლარია. საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა კი შემდეგია: საშემოსავლო გადასახადიდან გათვალისწინებულია 1,58 მილიარდი ლარის მობილიზება, მოგების გადასახადიდან – 994 მილიონი ლარის, დღგ-დან – 3.32 მილიარდი ლარის, აქციზის გადასახადიდან – 670 მილიონის და იმპორტის გადასახადიდან 125 მილიონი ლარის. საბოლოო ჯამში საგადასახადო შემოსავლები 430 მილიონი ლარით იზრდება.

2013 წელს პრიორიტეტები თითქმის უცვლელი რჩება და ძირითადი აქცენტი კვლავ სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე იქნება გადატანილი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წინა წელთან შედარებით დაფინანსება მცირედით იზრდება და 146 მილიონ ლარს შეადგენს. განათლების სისტემაზე ბიუჯეტის არსებული პროექტით 649 მილიონი ლარი გამოიყოფა. თავდაცვის ხარჯები 670 მილიონი ლარით განისაზღვრება, საზოგადოების წესრიგის უზრუნველყოფაზე 874 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 63 მილიონი ლარით მცირდება ჯანდაცვის დაფინანსება და 2013 წლისთვის ამ სფეროზე არსებული პროექტით 167 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სოციალურ დაცვაზე მოდის, რომლის ბიუჯეტიც 507 მილიონი ლარით იზრდება და 2.28 მილიარდ ლარს შეადგენს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ბიუჯეტის ახალი პროექტის განხილვის შედეგად გამოყო რამდენიმე ხარვეზი, პრობლემა და ახალ პარლამენტს და მთავრობას მათი გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდა ფინანსისტებმა ყურადღება რამდენიმე ძირითად მომენტზე გავამახვილეთ:

1) ბიუჯეტის პროგრამულობის ხარისხი – ბიუჯეტის ახალ პროექტში სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები, წინა წელთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელია. ეს იმიტომ, რომ პრიორიტეტების ქვეშ ჩამოთვლილია ფუნქციები, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს ჩვეულებრივ, კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას წარმოადგენს და ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად არის საჭირო განხილული არ არის.

პროგრამულობის და გამჭვირვალობის დაბალ ხარისხს მიუთითებს ბიუჯეტის კანონპროექტის მუხლი – „სხვა ხარჯები”, რომელიც მერამდენე წელია, ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. 2013 წლის პროექტის მიხედვით, სხვა ხარჯების, ანუ არაკლასიფიცირებული ხარჯების, მოცულობა 1 მლრდ 100 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც მთლიანი ხარჯების დაახლოებით 16%-ს შეადგენს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა საბიუჯეტო ფონდებში, რომელთა დანიშნულება ბუნდოვანი და უცნობია, 2013 წელს მობილიზებული იქნება 400 მილიონ ლარზე მეტი. საბოლოო ჯამში, 7.1 მილიარდი ლარის ხარჯებიდან მილიარდ-ნახევრის, ანუ ხარჯების 21%-ის, ბედი წინასწარ გაურკვეველია და, შესაბამისად, მათი ხარჯვის მიზნობრიობის დადგენაც შეუძლებელია.

აფბა მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია და აუცილებელია ბიუჯეტის უფრო დეტალური გაწერა. ეს მუხლი არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვუჭერთ ჩვენ, ახალგაზრდა ფინანსისტები, მხარს ბიუჯეტის პროექტის არსებული სახით დამტკიცებას.

2) ადმინისტრაციული ხარჯების მაღალი დონე – 2008 წლის საომარი მოქმედებების და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად, მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, ეგრეთ წოდებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. მაშინ და დღესაც მთავრობა გამუდმებით გაიძახის, რომ საბიუჯეტო დეფიციტის და ფისკალური ზეწოლის შემსუბუქების მიზნით აუცილებელი იყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეს პროცესი, პირველ რიგში, სახელისუფლებო უწყებების ზედა რგოლებს უნდა შეხებოდა. თუმცა, 2008 წლიდან მოყოლებული, სიტუაცია აბსოლუტურად საპირისპიროა.

2013 წლის საბიუჯეტო კანონის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი 99 538 ადამიანიდან 101 725 ადამიანამდე იზრდება. დასაქმებულთა რაოდენობის 2000 ადამიანით ზრდის ფონზე მათი შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა 44 მილიონი ლარით იზრდება და 2013 წელს შრომის ანაზღაურების ხარჯები 1.171 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამდენად, საბიუჯეტო მოხელის საშუალო წლიური ხელფასი 11 511 ლარი იქნება. შეაგახსენებთ, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 11 333 ლარი შეადგინა, 2011 წელს კი – 10 787 ლარი.

3) გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტი – 2013 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 7.234 მილიარდი ლარის მობილიზება, ხარჯების მოცულობა კი 7.117 მილიარდის დონეზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების ზრდა შეადგენს 2%-ს, ხარჯების მოცულობა კი 6.1%-ით იზრდება. შედეგად ბიუჯეტის დადებითი საოპერაციო სალდო, ანუ სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის 2012 წლის 270 მილიონი ლარიდან 2013 წელს 116 მილიონ ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება ბიუჯეტის მთლიან სალდოს, ამ შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტს, იგი -495 მილიონი ლარს შეადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ია. 2012 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა -458 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1,8% იყო.

4) ცენტრალიზაციის გაზრდილი დონე – ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა 2013 წლის პროექტით 822 მილიონ ლარს შეადგენს. 2012 წლის მდგომარეობით ეს ციფრი 832 მილიონი ლარია, ხოლო 2011 წელს ტრანსფერების მოცულობამ 1 მილიარდ 167 მილიონი ლარი შეადგინა. 2011 წელს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების თანაფარდობა ბიუჯეტის შემოსავლებთან 18.1% იყო. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი ეს მიმართება 11,4%-მდე შემცირდება, ხოლო თუ ტრანსფერებიდან ქვეყნის დედაქალაქის ფაქტორს გამოვრიცხავთ, რეგიონებისთვის გამოყოფილი ტრანსფერი ბიუჯეტის შემოსავლების მხოლოდ 5% გამოდის.

5) შემცირებული საბიუჯეტო შემოსულობები და გაზრდილი გადასახდელები – 2012 წელთან შედარებით 2013 წელს 0.8%–ით ნაკლები ანუ 8,1 მილიარდი ლარის შემოსულობების მიღებაა გათვალისწინებული, ხოლო გადასახდელების მოცულობა 5%–ით იზრდება და 8.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

6) გაბერილი საბიუჯეტო ფონდები – 2013 წლისთვის სხვადასხვა ფონდებში დაახლოებით 400 მილიონი ლარის მობილიზებაა გათვალისწინებული. ესენია: მთავრობის სარეზერვო ფონდი – 50 მილიონი ლარი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი – 50 მილიონი ლარი და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი – 310 მილიონი ლარი. ამ ფონდების და, განსაკუთრებით, უკანასკნელის დანიშნულება გაუგებარია და მათი ხარჯვა კი – აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, აღნიშნული ფონდებიდან ფულის ხარჯვა არ ექცევა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების კანონის რეგულირების ქვეშ, რაც საშუალოებას იძლევა, სახსრები ტენდერის გამოცხადების გარეშე დაიხარჯოს. ახალგაზრდა ფინანსისტებს მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის ეს ნაწილი საკმაოდ ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე და უკონროლოა. ამიტომ ახალგაზრდა ფინანსისტების რეკომენდაციაა, გაუქმდეს აღნიშნული ფონდები ან, უკიდურეს შემთხვევაში, შემცირდეს მათი მოცულობა და გაიზარდოს გამჭვირვალობის ხარისხი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საბიუჯეტო სახსრების თითოეული ლარის ხარჯვის კონტროლის საშუალება.

7) საგარეო ვალის მომსახურების მაღალი დანახარჯები – 2013 წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე თითქმის 3-ჯერ მეტი სახსრები დაიხარჯება, ვიდრე 2012-ში. ვალის დასაფარავად საბოლოო ჯამში მიმართული იქნება 536 მილიონი ლარი, რითაც საგარეო ვალის მომსახურების დანახარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2%-მდე გაიზრდება, ხოლო ექსპორტთან მიმართებაში – 25%-მდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს ვალდებულებების ზრდის ტემპი მცირდება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა.

8) ინფლაციური ბიუჯეტი – ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ბიუჯეტის პროექტი და მასში ჩადებული საგადასახადო შემოსავლების ზრდა დამყარებულია ინფლაციურ პროცესებზე. მოგეხსენებათ, საგადასახადო შემოსავლები 430 მილიონი ლარით იზრდება, რაც 6.3%-იანი ზრდაა. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფასების დონის ფაქტორს, ანუ დეფლატორს, მიზნობრივი ინფლაციის (6%) შენარჩუნების შემთხვევაში საგადასახადო შემოსავლების რეალური ზრდა 0.3% გამოდის. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი იმ გადასახადებზე მოდის (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი და ა.შ.), რომლებიც პირდაპირპროპორციულ კავშირშია ფასების დონის ცვლილებასთან. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის არსებული პროექტი არ არის დამყარებული ეკონომიკურ ზრდაზე.

დასასრულ, გვინდა, მოგახსენოთ ბიუჯეტის სხვა ძირითადი პარამეტრების შესახებ. 2013 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, საგარეო ვალის ზედა ზღვარი განისაზღვრა არაუმეტეს 9.6 მილიარდი ლარისა. პრივატიზაციიდან გათვალისწინებულია 100 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდაზე – დაახლოებით 700 მილიონი ლარის დახარჯვა“.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია