თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. „რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ მოსკოვში თბილისისგან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.
„აბაშიძის საქმიანობის თაობაზე რაიმე პროგნოზების კეთება, ვფიქრობ, უადგილოა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენთან მას ელჩად მუშაობის დროიდან და შემდგომი ჩამოსვლებით იცნობენ. და ისიც კარგად იცნობს რუსეთს“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა, როდესაც პასუხობდა კითხვას, შეუძლია თუ არა სპეცწარმომადგენლის მუშაობას, ქვეყნებს ერთმანეთთან ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმაროს.„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თბილისის განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ მისწრაფების შესახებ და შესაბამის საკადრო დანიშვნებს, თუმცა საქართველოს ახალი მთავრობისგან, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ველოდებით“, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ახალი თანამდებობის შემოღების შესახებ განცხადებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროა „დიდ მეზობელთან“ – რუსეთთან, ურთიერთობის მოწესრიგება. „ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ჩვენი ურთიერთობა და ახალ ხარისხში გადავიყვანოთ ის“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისათვის: ზურაბ აბაშიძემ მოსკოვის უცხო ენების ინსტიტუტი დაამთავრა და დიპლომატიურ მოღვაწეობას ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ეწეოდა. 1993-2000 წლებში იყო საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირსა და ნატოში. 2000 წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. იმავე წელს დაინიშნა რუსეთში საქართველოს ელჩად და ეს პოსტი 2004 წლამდე ეკავა. ბოლო წლებში იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში. ზურაბ აბაშიძე არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში. არის ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო განყოფილების მთავარი რედაქტორი.