თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. წუხელ, გვიან ღამით, ქსნის ციხესთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პატიმრების ახლობლების მიერ დაწესებულებაში შესვლის მცდელობისას დაცვამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
გვიან ღამით ქსნის საპატიმროში მივიდნენ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მეუფე იაკობი, რომელთა განცხადებითაც, დაწესებულებაში სიმშვიდეა და პატიმრები უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან.
პატიმრების მშობლებმა წუხანდელი ღამე ქსნის მე-15 დაწესებულებასთან გაათიეს. ისინი, მსჯავრდებულებთან ერთად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შეცვლას და პატიმართა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.ვითარება ქსნის დაწესებულებაში გუშინ დილიდან დაიძაბა, როცა ცნობილი გახდა ციხის ახალი უფროსის ვინაობა. გავრცელებული ცნობით, არსენ ხუხუა ბაჩო ახალაიას კადრი იყო და სწორედ ამან გამოიწვია პროტესტი. პატიმრები დაუკავშირდნენ მშობლებს და სთხოვეს, რომ საკადრო ცვლილება მათაც გაეპროტესტებინათ. მოგვიანებით საპყრობილესთან შეკრებილ მსჯავრდებულთა ახლობლებს ციხიდან გამოსულმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა განუმარტეს, რომ საპყრობილეში სრული სიმშვიდეა და სპეცრაზმი იქ შესვლას არ აპირებს.
დღეს დილიდან ქსნის საპყრობილესთან ინციდენტებს ადგილი აღარ ჰქონია. თუმცა, აქ უწინდებურად რჩებიან მსჯავრდებულთა მშობლები, რომლებიც მანამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ ციხის ახალი დირექტორი არსენ ხუხუა და კიდევ 5 თანამშრომელი, რომლებიც, პატიმართა თქმით, არაადამიანურ მოპყრობაში არიან შემჩნეული, თანამდებობიდან არ გათავისუფლდებიან.
ამ დროისათვის საპყრობილეში შიმშილობს 25 პატიმარი, რომლებსაც პირი აქვთ ამოკერილი. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის უფრო რადიკალური ზომების მიღებას აპირებენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ვითარების შესწავლის მიზნით საპყრობილეში დღეს შევა.