თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მოულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.ჰილარი კლინტონმა და მაია ფანჯიკიძემ ავღანეთში „ISAF“-ის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე ისაუბრეს. ამერიკის სახელმწიფო
მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სატელეფონო საუბრისას ჰილარი კლინტონი და მაია ფანჯიკიძე საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხნენ. ჰილარი კლინტონმა მინისტრს არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნოემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტით მიიწვია.