აქტუალური
ახალი ხელისუფლება რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მომხრეა

1-sarkinigzo-mimosvlaთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის წინადადება წამოაყენა. ამის შესახებ საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გამოცემა „კომერსანტს“ განუცხადა.

„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო, როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მოძრაობის აღდგენას“, – განაცხადა მან. მინისტრის თქმით, ამ საკითხის განსახილველად გარკვეული კონსულტაციები უკვე გაიმართა, თუმცა,  რუსეთისა და აფხაზეთის მხარეებთან ოფიციალურად ის არ განუხილავთ.

ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა „გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო არტერიის, როლსა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას“ და ხელს შეუწყობს ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას აფხაზეთში. საუბარია იმ ლტოლვილებზე, ვინც რესპუბლიკა 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვა.

ცნობისათვის: საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა 1990-იანი წლების დასაწყისში შეწყდა. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა 1992 წელს ენგურზე მდებარე სარკინიგზო ხიდის აფეთქებამ. მოგვიანებით, მატარებლების მიმოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის, რომელსაც 2008 წლამდე არ უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა, ფაქტობრივად, მხარს უჭერდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას, კვლავაც გაგრძელდა. 2004 წელს სარკინიგზო მონაკვეთის რემონტის შემდეგ აღდგა სამგზავრო მიმოსვლა მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით.

საქართველოს უწინდელი ხელისუფლება სკეპტიკურად ეკიდებოდა აფხაზეთის გავლით გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. 2012 წლის ზაფხულში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამ თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მატარებლების მიმოსვლა ამ მიმართულებით, უპირველესად, რუსეთსა და სომხეთს სჭირდება და არა საქართველოს, რადგან, მინისტრის განმარტებით, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლით რუსეთს შესაძლებლობა ექნება, გიუმრიში თავისი სამხედრო ბაზა აღჭურვოს.