აქტუალური
ფოთის პორტის ყოფილმა თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

1-foTiთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღეა, ფოთის პორტში აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

პორტის თანამშრომელთა პროტესტს სამსახურიდან სხვადასხვა დროს გათავისუფლებული ყოფილი თანამშრომლებიც უერთდებიან და  პორტიდან მათ უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ.

არსებული ინფორმაციით, 2011 წლიდან, ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პორტის 500-ზე მეტმა თანამშრომელმა სხვადასხვა მიზეზით სამსახური დაკარგა. პორტის მუშაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.

ფოთის პორტის ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. მათ ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობაში ხელმძღვანელებს შესვლის უფლება არ მისცეს. მოშიმშილეებს დაცვის წევრებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, რამაც ხმაური გამოიწვია.

დღესვე სავაჭრო პალატის ოფისში საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულმა ბრიფინგი გამართეს. მათ  პორტის გაფიცული თანამშრომლების შესახებ ისაუბრეს.  სავაჭრო პალატა ვარაუდობს, რომ გამოსვლები არალეგიტიმური და პოლიტიკურად მოტივირებულია. ფადი ასლი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამ ნეგატიურ მოვლენებს ინიცირებენ.

რაც შეეხება გაფიცულების ბედს, ფოთის პორტის დირექტორის თქმით, 2013 წლის იანვრიდან თანამშრომლებს ხელფასები 40%-ით გაეზრდებათ. „ჩვენი მხრიდან საპასუხო რეაქციები იმის მაგალითია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი საკითხები მალევე იქნეს მოგვარებული“. ქროული იმედოვნებს, რომ მუშები ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.