საზოგადოება
2013 წლის ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია

1-xadur-sazogaaa1თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „5 ნოემბრისთვის პარლამენტში კანონის სრული დაცვით 2013 წლის ბიუჯეტს წარვადგენთ, დღეს სხდომაზე კი მოხდება ამ პროექტის განხილვა. ჩვენ გამოვძებნით რესურსებს, რათა ყველა ის დაპირება, რომლებიც წინასაარჩევნოდ იყო გაცემული, შესრულდეს“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, შემცირდება სამინისტროების დაფინანსება, თუმცა ეს გარემოება არ აისახება თანამშრომელთა ხელფასებზე და არ მოხდება კადრების მნიშვნელოვანი შემცირება.

მინისტრის თქმით, დაფინანსების შემცირება შეეხება იმ პროექტებს, რომელთა საჭიროება ამჟამად არ არსებობს.

„აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარალმენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ „ანბანის კოშკს“ და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება“, – აღნიშნა ხადურმა და იქვე დასძინა, რომ მისდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ თავისი დაფინანსება 10%-ით შეამცირა.

მინისტრის შეფასებით, ის 340 მილიონი, რომელიც ახალი პარლამენტის მშენებლობაზე უნდა დახარჯულიყო, სრულიად საკმარისია ჯანდაცვის სფეროს დასაფინანსებლად. ხადურის თქმით, გასული წლის მსგავსად, ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის სექტორს ექნება. ასევე, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება „სხვა ხარჯები“, რადგან აქამდე ეს ხარჯები მილიონს აჭარბებდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა ისინი.

მინისტრის ინფორმაციით, ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია.