პოლიტიკა
ნარმანია: „გუბერნატორები პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს“

1-biZi-politikaa3თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის ნაცვლად რეგიონების გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. შესაბამისი ცვლილებების პროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

„ცვლილებების მიხედვით, გუბერნატორები უნდა დანიშნოს არა პრეზიდენტმა, არამედ პრემიერ-მინისტრმა. ამას საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება, ესაა უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც მთავრობა პარლამენტს გაუგზავნის“, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. მისივე განმარტებით, გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონებში კოორდინაციას უწვენ სხვადასხვა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მხარეებში გუბერნატორებს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ისინი ანგარიშვალდებული არიან ქვეყნის მეთაურის წინაშე.