სამართალი
თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, დღეს ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
რაც შეეხება საქმის განხილვას, დღეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საბოლოო განაჩენის სამართლიანად გამოტანისთვის არ იყო საკმარისი. შემდგომი სხდომა 24 დეკემბერს არის ჩანიშნული.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოსამართლემ ჟურნალისტებს პროცესის ვიდეოგადაღების უფლება მისცა.
როგორც უკვე ცნობილია, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე გაგა გაჩეჩილაძეს თავდებში უდგება, რომ ის არ დაემალება გამოძიებას და სასამართლოს ხელს არ შეუშლის ჭეშმარიტების დადგენაში. შეგახსენებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე 27 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).