სამართალი
რუსთავის ციხეში გენინსპექციის საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს

1-cixe-rustavisთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. რუსთავის №16 ციხესთან კვლავ შეკრებილი არიან პატიმართა ოჯახის წევრები, რომლებმაც წუხანდელი ღამე დაწესებულებასთან გაატარეს და პატიმრებთან ერთად უწინდებურად ციხის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ. პატიმრები კი კვლავ შიმშილობენ და პაემანებზეც უარს აცხადებენ. ამ დროისათვის სასჯელაღსრულების სამინისტროდან ციხეში 9-კაციანი საგამოძებო ჯგუფი შევიდა და, გუშინდელი განცხადებების თანახმად,  შიდა ტერიტორიაზე მოკვლევა დაიწყო. ოფიციალური უწყების განმარტებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამ გამოძიების შემდეგ მიიღებენ.

თავის მხრივ, პატიმართა მშობლები ცდილობენ, ციხიდან გამოსული ყველა მანქანა გადაამოწმონ, რადგან, მათი ინფორმაციით, მსჯავრდებულები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაჰყავთ. მშობლების ნაწილი უწინდებურად შიმშილობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა, სასჯელაღსრულების სამინისტრო მე-16 დაწესებულებაში ვითარების განმუხტვას ცდილობს. მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ტერიტორიას არ ტოვებენ. ციხის ხელმძღვანელ ლევან აბურჯანიას გათავისუფლება ის ერთადერთი მოთხოვნაა, რომელსაც სამი ათასი პატიმარი აყენებს. მათი განცხადებით, ლევან აბურჯანია მათ ანგარიშსწორებით ემუქრება და ჰპირდება, რომ „ბაჩო ახალაია მონაგონი იქნება“! ყოფილ პოლიციელს პატიმრები წამებაშიც სდებენ ბრალს. მათი თქმით, ციხის ახალი დირექტორი, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელად 29 ოქტომბერს დაინიშნა, ყოფილი პოლიციელია, რომელსაც „უამრავი ხალხი ჰყავს, ვისაც წამალი ჩაუდო, ნაწამები ჰყავს დენით“.

გუშინ რუსთავის მე-16 საპყრობილეში იმყოფებოდნენ  გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე. ციხეში არსებული სიტუაცია მათ სტაბილურად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ყველა პატიმარს შეხვდნენ. მათი თქმით,  მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის ციხის ყველა თანამშრომლის, მათ შორის, ხელმძღვანელის საქმესაც, რის შემდეგაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენ, პატიმრების მშობლები მოვითხოვთ, გათავისუფლდეს თანამდებობიდან ამ დაწესებულების დირექტორი ლევან აბურჯანია, რადგანაც იგი პატიმრებს ემუქრება სიტყვიერად და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება პატიმრებზე. თვითონ პატიმრების მოთხოვნაა, რომ დაინიშნოს სხვა პირი, რომელიც იქნება სულიერად და მორალურად გაწონასწორებული. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი თხოვნა-მოთხოვნა. თუ ეს სიტუაცია არ მოწესრიგდება ახლო მომავლში, ჩვენ მივმართვათ უკიდურეს ზომას – გამოვაცხადებთ მშრალ შიმშილობას“, – განაცხადეს გუშინ პატიმართა ოჯახის წევრებმა.

პატიმრების თქმით, ისინი უკანონოს არაფერს ითხოვენ. მათ, უბრალოდ ადამიანური მოპყრობა სჭირდებათ.

პატიმრები უარყოფენ ინფორმაციასაც, თითქოსდა კოლონიაში ასეთი სიტუაცია საკნის მაყურებლების ინსტუტუტის აღდგენის მცდელობას მოჰყვა.

გუშინ ციხეში იმყოფებოდა ომბუდსმენობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომლის განმარტებით, პატიმრები სასჯელაღსრულების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. „პატიმრები აყენებენ იმ პირობებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად მოუწევს სასჯელაღსრულების სამინისტროს და, მეორე რიგში, ეს ეხება იმ თანამშრომლების ჩამოშორებას მათივე განხორციელებული უფლებამოსილებიდან, რომლებიც მხილებული არიან წამებაში, ცემაში, ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაში პატიმრების მიმართ. ესაა 23-კაციანი სია, რომელიც გადაცემულია ჩემ მიერ ქალბატონ მაია ხასიათვის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ სოზარ სუბარის თქმით კი, გენინსპექციას დაევალა იმის შესწავლა, თუ „რამდენად სერიოზული ბრალი გამოიკვეთება და არა მხოლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას გათავისუფლებაზე, არამედ გადავცემთ შსს-ისა და პროკურატურის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც“.