ჯაფარიძის ბრალდებები ნაცვლიშვილის მიმართ
თბილისი, 2 ნოემბერი,
საქინფორმი. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ მოადგილედ შევარდნაძის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დანიშნა. ახლად დანიშნულ მოადგილეებთან დაკავშირებით კითხვები აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გუშინ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შევარდნაძის დროინდელი ზოგიერთი მოადგილის პროფესიულ რეპუტაციაში ეჭვი შეაქვს. მან ნაცვლიშვილის „პოლიტ. რუს“ ერთ-ერთი ინტერვიუდან სიტყვების ციტირებაც მოახდინა. მისი თქმით, ნაცვლიშვილმა 08.08.08 ომს შემდეგი შეფასება მისცა:
„ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა“. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად შერჩეული პირების ნაწილს მაღალი თანამდებობები ეკავა იმ დროში, როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ე.წ. ქურდების სახით; როდესაც ნარკოტიკების ბრუნვა ფორმალურად აკრძალული იყო, მაგრამ რეალურად კონტროლდებოდა სწორედ სამართალდამცველი და უშიშროების სტრუქტურების მიერ; როდესაც კორუფცია საჯარო სამსახურებში აღწევდა არნახულ მასშტაბებს და, როდესაც ქართული სახელმწიფო საჯარო, განსაკუთრებით კი, სამართალდამცველი სტრუქტურები, გაჯერებული იყო მტერი სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებით.
ლაშა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ მაშინ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განმარტავს, რომ ეს ფრაზა რუსი ჟურნალისტის თავისუფალი ინტერპრეტაციის შედეგი იყო, რადგან სიტყვასიტყვით ფრაზა ასე წარმოთქვა: „მაინცდამაინც თბილისი უნდა აეღოთ რუსებს, რომ ქართველ ხალხს დაენახა, რას უქადის სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანას?“
ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მიერ თბილისის აღების შესახებ ლაშა ნაცვლიშვილის გამონათქვამის სისწორეში ეჭვი ეპარება და აღნიშნავს: „ჯერ უნდა გავიგო მართლა თქვა თუ არა, მერე ხშირად კონტექსტიდან ჭრიან სიტყვებს და ისე იყენებენ. გავერკვევი და გიპასუხებთ. ვთვლი, რომ ლაშა ნაცვლიშვილი არის ღირსეული პიროვნება, მას აქვს ნორმალური წარსული და საეჭვო მგონია, მსგავსი რამ ეთქვა“.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის რეაქციას ნაცვლიშვილის მიმართ ნაციონალთა ბრალდებებზე, შსს-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან დებატებში ან რაიმე სახის პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლას.
„მიგვაჩნია, რომ ეს არ არის უწყების ფუნქცია და უწყებას გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. განცხადება, რომელსაც ახლა გთავაზობთ, მხოლოდ და მხოლოდ ახლად დანიშნული თანამდებობის პირებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და საზოგადოების სწორად ინფორმირებას ემსახურება“, – წერია განცახდებაში.
ღარიბაშვილის უწყება „რუსთავი 2“-ის მიერ 2009 წელს მომზადებულ სიუჟეტსაც აქვეყნებს. ეს არის ის მასალა, რომელიც „კურიერმა“ 2009 წელს გადაიღო. ლაშა ნაცვლიშვილის გახმაურებული ინტერვიუს შემდეგ, „რუსთავი 2“-მა კომენტარი მაშინ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს და სტატიის ავტორსაც სთხოვა. ნაცვლიშვილი მაშინვე აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მის კომენტარებს საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა. ამას არც ჟურნალისტი უარყოფს და აღნიშნავს, რომ ამ თემებზე მუშაობისას ბევრი უხერხულობა შეექმნა.