სამართალი
ფოთის პორტის მუშაობა პარალიზებულია

1-porti-samarTaa3თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ფოთის პორტის მუშაობა მთლიანად პარალიზებულია გაფიცვის გამო, რომელიც ამ ბოლო თვის განმავლობაში უკვე მესამედ გამოაცხადეს მისმა თანამშრომლებმა.

აქციაში პორტის კოლექტივის სრული შემადგენლობა – 1200 კაცი მონაწილეობს. გადმოსატვირთი და დასატვირთი სამუშაოები ნავმისადგომებზე შეჩერებულია, 300 კაცს კი პორტის შესასვლელი გადაკეტილი აქვს.

„ორი გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ შეგვპირდნენ, რომ ხელფასს მოგვიმატებდნენ, სამუშაო პირობებს გაგვიუმჯობესებდნენ და ახალ შრომით ხელშეკრულებებს გაგვიფორმებდნენ, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებიათ“, – აცხადებენ გაფიცულები, რომელთა განმარტებითაც, ეს საპროტესტო აქცია უვადოა.

შეგახსენებთ, რომ გაფიცვების სერია ფოთის პორტში 10 ოქტომბერს დაიწყო. მაშინ 200-ზე მეტმა კაცმა მუშაობა 2 საათით შეწყვიტა. როგორც იტყობინებოდნენ, პორტის ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნები საფუძვლიანად მიიჩნია და 1 ნოემბრამდე ყველა პრეტენზიის ინდივიდუალურად განხილვისა და დაკმაყოფილების დაპირება გასცა.

მეორედ პორტის თანამშრომლები 25 ოქტომბერს გაიფიცნენ და მაშინდელი აქციაც უვადოდ გამოაცხადეს, თუმცა, ის სულ 2 საათს გაგრძელდა და პორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას შეწყდა.

მოგვიანებით, დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე გოჩა ალექსანდრიამ, რომელიც გაფიცულთა ინტერესებს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. თავის მხრივ, პორტის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული აცხადებს, რომ გაფიცვის მიზეზები მისთვის გაუგებარია. „ხელფასს ყოველწლიურად იანვარში ვუმატებთ, და ამჯერად ანაზღაურების ზრდა ყველა მუშაკს შეეხება და 20 პროცენტს შეადგენს. დღეისათვის პორტის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 900 ლარია. სრულ განაკვეთზე მომუშავეებს სამედიცინო დაზღვევა აქვთ, ისინი დაზღვეული არიან უბედური შემთხვევებისგანაც. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა“,– აღნიშნა მან.

ამავე დროს, ფოთის პორტის პროფკავშირების ლიდერ კოკა საჯაიას განცხადებით, გაფიცულ თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 100-200 ლარს შეადგენს, ხოლო მოყვანილ ციფრებში განსხვავება იმან განაპირობა, რომ ქროულიმ საშუალო ხელფასის ოდენობა ტოპ-მენეჯმენტისა და კვალიფიცირებული სპეციალისტების ანაზღაურების გათვალისწინებით დაასახელა, მას კი  ქვედა და საშუალო რგოლის თანამშრომელთა ხელფასების მონაცემები მოჰყავს.