საზოგადოება
შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან

1-Sexvedra-sazogadooo3თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შედგა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყნის ამ კუთხით განვითარებას. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება სამოქალაქო საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას უშიშროების სექტორში, ხოლო მეორე მხრივ, მათ მაქსიმალურ ჩართულობას თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე მუშაობის პროცესში.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „მისასალმებელია,რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც საერთო ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს, ჩართულნი არიან ადამიანები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე. ვისურვებ, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გაგრძელდეს და ორიენტირებული იყოს შედეგზე – გაძლიერებულ იქნეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის უსაფრთხოება“.

აკაკი მინაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, მიესალმება საკანონმდებლო დონეზე ამგვარი ურთიერთობების გაგრძელებას.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ აღნიშნა, რომ არის თემები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა.