აქტუალური
ცაგარეიშვილი – ალასანიას უფლებამონაცვლე

1-cagarei-aqtuuu3თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ირაკლი ალასანიას უფლებამონაცვლე იქნება. როგორც მან „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი ცნობს მის უფლებამოსილებას. მასთან ერთად პარლამენტში შევა მისი 8 კოლეგა.

ცაგარეიშვილი პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრება. მისი თქმით, საქართველოში ორი უმძიმესი სფეროა ურთულესი ვითარებით – პენიტენციარული სისტემა და გარემოსდაცვითი სფერო. „დღეს ეს უწყებები დეზორიენტირებული და დეზორგანიზებულია, თანამშრომლები – მოტივაციადაკარგული. ხაჩიძე სიხარულს ვერ მალავდა, რომ სამინისტრო დაიშალა და რომ არა გარემოს დამცველების ერთობლივი ბრძოლა, სამინისტრო დავიდოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის დონემდე“.

ცაგარეიშვილის განცხადებით, ის ჯერ არ არის პარლამენტის წევრი, ამიტომ მანამდე სთხოვა კომიტეტის აპარატს, გარემოსდამცველებს, „რომ უკვე დაიწყონ პასპორტიზაცია, აღწერონ ამ სფეროში შექმნილი ყველა ის პრობლემა. და ჩემი ერთ-ერთი პირველი მიმართვა დეპუტატის რანგში მიეძღვნება ამ პრობლემების გასაჯაროებას. მე მაქვს ეჭვი, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის სისხლის სამართლის დანაშაულიც კი ჩადენილი ამ სფეროში“, – აღნიშნა მან.