პოლიტიკა
მინისტრებმა მოადგილეები წარადგინეს

1-mtaveroba-politiii1თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ მინისტრის მოადგილეები წარადგინა: პირველი მოადგილე იქნება დავით შერვაშიძე, მოადგილე – შალვა ფიფია (სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „მილენიუმის“ პროგრამაში და ეუთოში), კიდევ ერთი მოადგილე – ილია კვიტაიშვილი (მუშაობდა მსოფლიო ბანკში, ასევე, „USAID“-ის პროგრამებში), მეოთხე მოადგილე – დავით გალიგაშვილი (სხვადასხვა დროს იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მუშაობდა ეროვნულ ბანკში). 
როგორც დავით კირვალიძემ განაცხადა, მას ეყოლება მეხუთე მოადგილეც, რომლის კანდიდატურაც შეჯერდება.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალსანიამ დღეს სამი მოადგილის ვინაობა დაასახელა. ესენი არიან: ირაკლი გეგეჭკორი (2008 წლიდან მუშაობდა დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსად), ალექსანდრე ბურჭულაძე (მუშაობდა შპს „ჯორჯიან მენეჯმენტ კონსალტინგ გრუპის“ მმართველ პარტნიორად) და ლევან დოლიძე (იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი). როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა მათი კანდიდატურები უკვე დაამტკიცა. 
ამასთან, ლევან დოლიძე პირველ მოადგილედ დაინიშნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.
ალექსანდრე ბურჭულაძე ფინანსურ საკითხებს გაუწევს კურირებას, ხოლო ირაკლი გეგეჭკორი – უსაფრთხოების საკითხებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს ორი მოადგილე ეყოლება:

პირველი მოადგილე იქნება დავით დონდუა, რომელიც მისი თქმით, გამოცდილი დიპლომატია. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, ეს იქნება თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც „აქამდე მისი წინამორბედის მთავარი მრჩეველი იყო“.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მის უწყებაში მხოლოდ მცირედი რეორგანიზაცია იქნება და კარდინალურ ცვლილებებს არ აპირებს.