საზოგადოება
მთავრობის სამოქმედო გეგმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის

1-sergienkoთბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგიენკომ მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავა და ამ გეგმის განხორციელებაც დაიწყო.

სერგიენკოს განმარტებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებში სპეციალური აგენტები მივლენ და  შეავსებინებენ კითხვარებს, რომლებსაც რამდენიმე მიზანი აქვს. „შევსებული ანკეტების საშუალებით დიფერენცირება მოხდება, თუ რამდენია ღარიბი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და რამდენი – ხელოვნურად მიკედლებული“, – აღნიშნა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ მეორე ამოცანას წარმოადგენს დამატებითი ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, თუ კიდევ რით შეიძლება სოციალურად დაუცველთა დახმარება. მისივე განცხადებით, შრომისუნარიან პირებს დასაქმებასაც შესთავაზებენ.

სერგიენკოს განმარტებით, უახლოეს ხანში თანხები გამოიყოფა თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის და მათ სამინისტრო ბინებს უქირავებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დასრულდება.