საზოგადოება
კბილაშვილი პროკურატურაში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს

1-kbila-sazogaaaa2თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდება. არჩილ კბილაშვილის განმარტებით, ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელები და მოადგილეები შეიცვლებიან. ასევე, შეიცვლებიან საოლქო და თბილისის პროკურორები და მათი მოადგილეებიც, ხოლო რაიონულ დონეზე პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ.

კბილაშვილის განმარტებით, რაკიღა მასობრივ საკადრო ცვლილებებს გარკვეული დრო სჭირდება, იგი ერთკვირიან ტაიმ-აუტს აიღებს. „მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, რომ იმისათვის, რათა მთლიანად უზრუნველვყო საკადრო ცვლილებების საკითხი, დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდება... პირობითად ტაიმ-აუტს ავიღებ იმისათვის, რომ ეს ორგანო განახლდეს, გადახალისდეს და შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა“, – აღნიშნა მან.

კბილაშვილმა, ასევე, განუმარტა ჟურნალისტებს, რომ იგი პარტიულ საქმიანობას წყვეტს და შესაბამის განცხადებას პარტიის თავმჯდომარეს გადაუგზავნის.

„რადგან გამწესებული ვარ მთავარ პროკურორად, პარტიული საქმიანობის უფლება არ მაქვს და, შესაბამისად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს ვტოვებ“, – აღნიშნა მან.

მთავარმა პროკურორმა იქვე განაცხადა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პროკურატურაში მუშაობა შეუძლიათ, სტრუქტურაში დასაქმების შანსი აქვთ და შეუძლიათ თავიანთი მონაცემები შესაბამის მისამართზე (იუსტიციის სამინისტრო) ორი დღის განმავლობაში გააგზავნონ.