სამართალი
ვადაზე ადრე 1500-ზე მეტი პრობაციონერი გათავისუფლდება

1-probacion-samarTaaa3თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია პრობაციონერთა საქმეების განიხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას გეგმავს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომისია ნოემბერში1500 და მეტი პრობაციონერის საქმეს განიხილავს. პირველ ეტაპზე უპირატესობა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირობით მსჯავრდებულებს და მოწყვლად ფენას მიენიჭება. მათ გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი უნდა ჰქონდეთ მოხდილი და დანაშაულის ჩადენის დაბალი რისკის ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდნენ.

მისი განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით ვერ ისარგებლებენ და ვერ დაკმაყოფილდება ისეთი განცხადებები, რომელთაც პრობაციის ბიუროებიდან არ ექნებათ შუამდგომლობები – ვინც უხეშად დაარღვია რეჟიმი, პირობითი მსჯავრი აქვს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისათვის და განმეორებითაა მსჯავრდებული.

პრობაციის სააგენტოს უფროსის – გიორგი არსუშვილის – განცხადებით, განახლდა პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ვადაზე ადრე ნასამართლეობის მოხსნის კომისია, რომელიც დღეს შედგება 5 წევრისაგან: 2 – პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელია, 1 – სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენელი, 1 –  კომისიაში წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და 1 – იუსტიციის საბჭოს ცენტრალური აპარატის წარმომადგენელი.

თავმჯდომარის კანდიდატურაზე წარდგენილია პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის რანგში გიორგი არსუშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა უნდა აირჩიონ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით.