სამართალი
დიმიტრი ლორთქიფანიძე ეკა კვესიტაძის „აქცენტებს“გამოეხმაურა

1-dima-samarTaliii1თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დიმიტრი ლორთქიფანიძე, სახალხო დამცველის ერთ-ერთი კანდიდატი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გუშინდელ გადაცემას – „აქცენტები“  ეკა კვესიტაძესთან ერთად – გამოეხმაურა. გაზეთ „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება, მისი მისამართით დასმულ კითხვებს მის ნაცვლად უპასუხოს, როცა საკითხი ეხება სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვას და საკმაოდ ცნობადი სახეები და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი კანდიდატურის განხილვის წინააღმდეგნიც კი არიან კანდიდატის პოზიციის გამო.

მაგრამ რაკი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია დიმიტრი ლორთქიფანიძის პოზიციამ უმცირესობათა უფლებების დაცვის მხრივ, მან აღნიშნა, რომ ის არ მოითმენს ცილისწამებას, მის მიერ გამოთქმული ფრაზების დამახინჯებას და სათავისოდ გამოყენებას. „მე უფლებამოსილი ვარ, მადლობა გადაგიხადოთ, და ამავე დროს გითხრათ, „პრაიმ თაიმის“ სტუდიიდან ვაცხადებ თანხმობას, ნებისმიერ დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

რაც შეეხება კამპანიას მის წინააღმდეგ, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართ ლორთქიფანიძის დამოკიდებულებას გულისხმობს, მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუ რა მომავალი შესაძლო მიზნების აღკვეთას ემსახურება მისი ამგვარი დამოკიდებულება.

„პირდაპირ ვაცხადებ, თუკი ჩემი შესაძლო კარიერა სახალხო დამცველის პოსტზე შეეწირება ამ იდეებს, მე მზად ვიქნები, დავთმო ეს პოზიცია, თუკი ეს საზოგადოება ამის მომხრე იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ფონზე, რასაც სახალხო მხარდაჭერა ჰქვია, მე არ მომეცემა შესაძლებლობა, ნაბიჯი უკან გადავდგა, არამედ, პირიქით – ბოლომდე დავიცვა ჩემი პოზიციები, რომელიც, ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციების თანხვედრი იქნება“, – განაცხადა მან.