პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა

1-pirve-sxdomaთბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს დილიდან მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა მთავრობის პირველ სხდომაზეა შეკრებილი, რომელიც კანცელარიაში 11 საათზე დაიწყო. სხდომაზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გამოეხმაურა დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირების სხვადასხვა შენობაში შეჭრას. ივანიშვილის თქმით, ეს შემთხვევითი არ არის და მთავრობამ ამაზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ ამ პრობლემის გადაჭრის გეგმაზე.

„ძალიან ბევრი შეჭრა ხორციელდება დევნილების მიერ. როგორც ჩანს, ეს ორგანიზებულია რაღაც ჯგუფის მიერ და ამას გამორკვევა დასჭირდება. ჩვენ გუშინ უკვე ვისაუბრეთ მინისტრთან და დღესაც ამ საკითხებს შევეხებით და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

სხდომაზე მსჯელობენ ბიუჯეტის თემაზეც. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გადახარჯვებია ცალკეულ სამინისტროში, ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა სახსრების გამონახვა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც საზოგადოების წინაშეა აღებული. „სხდომაზე წარმოვადგენ ინფორმაციას მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და გარკვეული ტიპის ხარჯების გადანაწილებაზე, ვინაიდან წინა ხელისუფლებამ თანხები გადახარჯა სხვადასხვა მიმართულებით და დღეს სერიოზული პრობლემა უდგება ზოგიერთ სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც წინა მთავრობამ აიღო, ამიტომ ჩვენ მოვძებნით ამ რესურსებს და ბიუჯეტის შესრულებას პრობლემას არ შევუქმნით“, – განაცხადა ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხდომაზე შეკრებილი მინისტრები, ასევე, მსჯელობენ იმ საკითხებსა და პროექტებზე, რომლებიც მათ სამინისტროებში გადაიჭრება და განხორციელდება.