თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ფინანსთა სამინისტროში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეხვედრა გაიმართა, რომელიც, ელჩის განმარტებით, გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეები საქართველოში ათასწლეულის პროგრამისა და „USAID“-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობასა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე მსჯელობდნენ.
ნორლანდის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას. „გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას, კმაყოფილი ვართ მიმდინარე პროცესით“, – აღნიშნა ნორლანდმა.ელჩსა და „Millennium Challenge Corporation“-ის ვიცე-პრეზიდენტ ტომ ჰარლისთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ხადურმა განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს მომავალი წლის გეგმებზე, ახალი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც საქართველოს განათლების სფეროს მოხმარდება. იგი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა გაგრძელდება და ნაყოფიერი იქნება, რაც მთავარია, მიიღება ხარისხობრივი შედეგი.
ამასთან, ხადურის განცხადებით, „დღეისათვის ხაზინის ანგარიშზე 260 მლნ ლარია. გუშინ 33 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა, რაც კარგი მაჩვენებელია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული. რაში იხარჯებოდა ასეულობით მილიონი ლარი, ამას პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ“.
ფინანსთა მინისტრმა, ასევე, დაასახელა თავისი მოადგილეები. ხადურის ცნობით, ხაზინას კურირებას გაუწევს გიორგი თაბუაშვილი, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავეს დავით ლეჟავა, ხოლო საბიუჯეტო მდივნის თანამდებობას დავით ებრალიძე შეითავსებს.