აქტუალური
რეფორმა – ჯანმრთელობის ერთიანი სადაზღვევო ფონდი

1-dazRveva-aqtuaaa1თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო დარგობრივი ასოციაციების წევრებმა  „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა იყო ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის განვითარება საქართველოში.  ორგანიზატორებმა წარმოადგინეს მოდელი, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს სადაზღვევო ფონდისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების თანამონაწილეობას.

თსსუ-ს რექტორ ზურაბ ვადაჭკორიას თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილი პაკეტის განხილვა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისათვის, რადგან აქ საუბარი შეეხება უნივერსალურ სადაზღვევო პაკეტს.

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრ ირაკლი სასანიას განმარტებით, მათ მიერ შეთავაზებული სოციალური დაზღვევის მოდელი ეფუძნება ნახევრად სახელმწიფო სადაზღვევო ფონდს და კერძო სადაზღვევო კომპანიების აქტიურ მონაწილეობას, რომელიც უზრუნველყოფს მთელი მოსახლეობის მოცვას ბაზისური სამედიცინო მომსახურებით. ამ მოდელის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა ფენის სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება სრული მოცვით.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ კოალიციისა და მთავრობისათვის ჯანდაცვა პრიორიტეტია: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ავადმყოფობა  გაღატაკების ტოლფასი არ იყოს. ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც დაზღვევის ამ საყოველთაო ფორმას გულისხმობს“.

კოალიციის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ „დღეს იწყება რეფორმა, რომელიც გულისხმობს ერთიანი სადაზღვევო ფონდის შექმნას, სადაც სახელმწიფოს ექიმთა და პაციენტთა წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგით განახორციელებენ პირდაპირ თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვას, რომ არცერთი მოქალაქე არ გაღატაკდეს, არავინ მოკვდეს იმიტომ, რომ მას არ აქვს ფული“. მისი თქმით, ისინი არ ებრძვიან  კერძო სადაზღვევო კომპანიებს, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის ფული მიდიოდეს კერძო კომპანიის ჯიბეში, რომლის  მხოლოდ ნახევარზე ნაკლები იხარჯება ექიმებსა და პაციენტებზე.