აქტუალური
თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი განათლების სისტემაში მომუშავე პირების სამსახურებიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო დათხოვნილთა სამინისტროში შესული უამრავი განცხადების პასუხად მიმართვას ავრცელებს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
მინისტრს მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტური გამოსავალია თითოეულმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გამონახოს ყველანაირი საშუალება, რათა შეძლონ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყონ თანამშრომლობა.
სხვა შემთხვევაში, მინისტრი მეორე საშუალებასაც სთავაზობს დაზარალებულთ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრთან ერთად. „ამ კომისიის მიზანია, მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დავის სასამართლო უწყებაში გადატანის რაოდენობა“, – აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ მის რჩევას გაგებით მოეკიდებიან და დაუბრუნდებიან თავიანთ საქმიანობას, რადგან, მინისტრის თქმით, პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადოებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, მათ უნდა მოახმარონ და გადასცენ ცოდნა მომავალ თაობას.