თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართეს.
როგორც რკინიგზელები აცხადებენ, ხელმძღვანელობის ცვლის მიუხედავად, მათი უფლებების რღვევა და მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა არ იცვლება.
რკინიგზელთა სურვილია, ახალი ხელმძღვანელის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნეს მათი აზრიც, რადგან მათ აქვთ წინა ხელმძღვანელების დანაშაულებრივი ქმედებების მამხილებელი იურიდიული მტკიცებულების ძალის მქონე ფაქტები და დოკუმენტები, რომლებსაც შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილს წარუდგენენ.როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ყოფილმა რკინიგზელმა გია ყრუაშვილმა განაცხადა, „ჩვენ არ მივცემთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვანო მერაბიშვილს გაორმაგებული ძალით შემოტევის უფლებას“. ის კიდევ ერთხელ სთხოვს პრემიერ-მინისტრს, კარგად შეისწავლოს საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მოვლენები. „ჩვენ ვდგავართ სადარაჯოზე, რასაც ამ ქვეყნისა და რკინიგზის მშენებლობა ჰქვია“, – აღნიშნა მან.
რკინიგზელ ვლადიმერ ჩაჩუას განცხადებით, რკინიგზელებს არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდათ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.
რკინიგზელები სამსახურიდან უსამართლოდ გაშვებასაც აპროტესტებენ და მოითხოვენ ძველი კადრის რკინიგზაში დაბრუნებას.