საზოგადოება
თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. დევნილებს, რომლებიც სხვადასხვა შენობაში უკანონოდ შეიჭრნენ, ამ ფართების დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის გაანალიზება, რის შედეგადაც საბოლოოდ გამოიკვეთება, უკანონოდ ვინ დაიკავა ესა თუ ის ობიექტი და მათ გამოსასახლებლად „საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ფორმა იქნება გამოყენებული“.„იძულებით გამოყვანას არ დავარქმევდი, ისინი ისედაც იძულებით გადაადგილებული არიან“, – აღნიშნა დავით დარახველიძემ.
მინისტრის განმარტებით, სამინისტროს უმთავრესი საზრუნავი დევნილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა იქნება, რადგან წინამორბედი მთავრობის ბიუჯეტი ბევრი საკითხის მოგვარების საშუალებას არ იძლევა.