აქტუალური
თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. „მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბევრი გადახარჯვაა, ყოფილმა ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯა, მათ შორის, ისეთ პროექტებზე, რომელთა მიზნობრიობა, რბილად რომ ვთქვათ, კითხვის ქვეშაა“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გუშინ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, დავალიანებები აქვთ ჯანდაცვის, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებს, რის გამოც ახალ მთავრობას ამ საკითხებზე რეაგირება მოუწევს. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხის შესწავლის შემდეგ შესაძლოა, 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდეს.მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კი ხადური აცხადებს, რომ სამინისტროების ბიუჯეტი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა „ფინანსთა სამინისტრო პროექტს ამუშავებს“.
„სამინისტროებთან კონსულტაციებს გავივლით და კვირის ბოლოსთვის ძირითადი მონახაზი გვექნება, თუმცა, ცხადია, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მას წლის ბოლომდე მივიღებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ხადურისავე განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში არსებული პარამეტრები ძირითადად შენარჩუნდება და რაიმე რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება.