საზოგადოება
თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლების არცერთი შტო არ უნდა ექვემდებარებოდეს მეორეს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს პარლამენტის აუდიტის სამსახურისა და სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე.
მინისტრის განმარტებით, სისტემის გადაწყობასა და მონაცემთა ბაზების გადანაწილებას გარკვეული დრო და ფინანსური სახსრები დასჭირდება.„მე საქართველოს იუსტიციის ახალი მინისტრი, უარს ვამბობ პარლამენტის აუდიტის სამსახურისა და სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე“. მისი თქმით, მას ამ მხრივ დახვდა ზურაბ ადეიშვილის მემკვიდრეობა, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ხელისუფლების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების კომპიუტერების, ქსელებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვას.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ინფორმაციული უზრუნველყოფის უსაფრთხოება არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა ზემოაღნიშნული ფუნქციები არანაირად არ არის კავშირში კიბერუსაფრთხოებასთან. „ეს არის კავშირში იმ უსაფრთხოებასთან, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა, თუ ამის სურვილი აქვთ, შეძლონ, თვითონ მართონ თავიანთი ბაზები, კომპიუტერები და ქსელები და არ ჰქონდეთ იმის შიში, რომლის საბოლოოდ დასამარცხებლადაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, რომ ვიღაც, სხვა უწყებაში მჯდომი ადამიანი, ვინმეს ელექტრონულ ფოსტას შეამოწმებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.