აქტუალური
მაია ფანჯიკიძე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ იცვლება“

1-fanjikiZeeeთბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელისუფლების ცვლის ფონზე საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები არ შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

როგორც მას არაერთხელ უთქვამს და გასულ პარასკევს სამინისტროს თანამშრომლებთან პირველ სამუშაო  შეხვედრაზეც აღნიშნა, „საგარეო პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და დიალოგის დაწყება რუსეთთან პირდაპირი გზით ან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით .“

ამასთან, ფანჯიკიძე შეხვდა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და როგორც გამოცდილ დიპლომატს, ახალდაკომპლექტებულ უწყებაში სამსახური შესთავაზა.

მინისტრის თქმით, მისი პირველი მოადგილე იქნება დავით ზალკალიანი, მოადგილეები – ნიკოლოზ ვაშაკიძე და ფინანსისტი გუგა ხელაია.  ამასთან, მოადგილედ დარჩება ვაშაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

რაც შეეხება მოადგილის ორ ვაკანტურ ადგილს, ჯერჯერობით არავის დანიშვნას არ აპირებს. „გავიცნობ სამინისტროს თანამშრომლებს და გადაწყვეტილება წლის ბოლომდე იქნება მიღებული“.

მისი თქმით, დანარჩენი თანამშრომლები უწყებაში დარჩებიან. „მე ვიცნობ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილს, რამდენადაც მრავალი წელი ერთად გვიმუშავია. მათ სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ელით, პირიქით, ისინი უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან, რადგან ვიწროპარტიული ინტერესების შემცველი დავალებების შესრულება არ მოუწევთ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.