აქტუალური
მინისტრების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

1-biZi-aqtuu2თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს შეხვდა. საუბარი საორგანიზაციო საკითხებსა და უცხოეთში პრემიერის პირველ ოფიციალურ ვიზიტს შეეხო.

„იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, შესაძლოა, პირველი ვიზიტი ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელში შედგეს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, დღეს ახალმა პრემიერმა მუშაობა დაიწყო და მინისტრებთან შეხვედრებსაც ინდივიდუალურად მართავს. „მთავრობის წევრებმა უწყებებში შეხვედრები უკვე გამართეს და აქტუალური საკითხები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ამ საკითხების შეჯერება მოხდა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განმარტებით, მან პრემიერს თავდაცვის სიტემაში არსებული ვითარება და ფინანსური მდგომარეობა გააცნო. ასევე, აცნობა, თუ რამდენად არის ქართული ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის შექმნას შეეხო, რომლის ძირითადი მიზანიც „უცხოური კაპიტალის შემოტანა იქნება. თუმცა, ამასთან, იარსებებს ბიუჯეტი, რომელიც თავის საქმეს გააკეთებს და ეს ფონდი მასთან თავსებადობაში მოვა“, – განმარტა კირვალიძემ.

მთავრობის სრული შემადგენლობის სამუშაო შეხვედრა 15.00 საათზე გაიმართება.